2018 წლის 5 თებერვალის გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება № 15

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება № 15

2018 წლის 5 თებერვალი
ქ. გურჯაანი

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.თ“ ქვეპუნქტის, „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის 11 პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გურჯაანის მუნიციპალიტეტში გენდერულ საკითხებზე სისტემური და საქართველოს პარლამენტის მიერ შექმნილ გენდერული თანასწორობის საბჭოსთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან შეიქმნას მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭო.
მუხლი 2
დამტკიცდეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულება დანართის შესაბამისად.
მუხლი 3
საკრებულოს თავმჯდომარემ დადგენილების ძალაში შესვლიდან 10 დღის ვადაში უზრუნველყოს მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს ფორმირება და საბჭოს სხდომის მოწვევა.
მუხლი 4
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე: ვანო ბერიძიშვილი








გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულება


მუხლი 1. მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭო
1. გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მუნიციპალურის გენდერული თანასწორობის საბჭო (შემდგომ – საბჭო) არის საკრებულოს სათათბირო-საკონსულტაციო ორგანო, რომელიც „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად, განიხილავს მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის დაცვის მდგომარეობას, შეიმუშავებს წინადადებებს ადგილებზე დისკრიმინაციის გამოვლენისა და აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად შესაბამისი ღონისძიებების შემუშავებისა და განხორციელების კოორდინაციის მიზნით.
2. საბჭო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონით, საკრებულოს რეგლამენტით, სხვა ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით.
3. საბჭოს ფუნქციები და უფლებამოსილებები განისაზღვრება ამ დებულებით.


მუხლი 2. საბჭოს ძირითადი ამოცანები
1. საბჭოს ძირითადი ამოცანებია:
ა) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და ეროვნული სამოქმედო გეგმის გათვალისწინებით შეიმუშაოს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგინოს მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად განსახორციელებელი სამოქმედო გეგმა და უზრუნველყოს ამ გეგმის შესრულების კოორდინაცია;
ბ) განახორციელოს მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების ანალიზი და შეიმუშაოს წინადადებები გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად;
გ) განიხილოს მუნიციპალიტეტის განვითარების სტრატეგიის, გენდერულად მგრძნობიარე მუნიციპალური პროგრამებისა და ბიუჯეტის პროექტები; მოამზადოს შესაბამისი დასკვნები და რეკომენდაციები;
დ) განახორციელოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ შესრულებული ან მიმდინარე მუშაობის მონიტორინგი და შეფასება გენდერული თვალსაზრისით;
ე) უზრუნველყოს საკრებულოში ინიცირებული ნორმატიული აქტების პროექტების ექსპერტიზა გენდერული თანასწორობის შეფასების თვალსაზრისით;
ვ) შეიმუშაოს და დაგეგმოს ცალკეული ღონისძიებები გენდერული თანასწორობის მისაღწევად, ქალთა და მამაკაცთა თანასწორი უფლებების რეალიზაციისათვის;
ზ) ითანამშრომლოს საქართველოს პარლამენტის მიერ შექმნილ გენდერული თანასწორობის საბჭოსა და საქართველოს მთავრობის ადამიანის უფლებათა დაცვის საკოორდინაციო უწყებათშორის საბჭოსთან, მიაწოდოს მათ შესაბამისი ინფორმაცია და წინადადებები; მონაწილეობა მიიღოს გენდერული თანასწორობის დაცვის მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებში;
თ) გამოითხოვოს და მიიღოს გენდერული თანასწორობის საკითხის შესწავლასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტაცია, გარდა ისეთი დოკუმენტებისა, რომელთა კონფიდენციალურობაც დაცულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
ი) განიხილოს გენდერული თანასწორობის დარღვევის თაობაზე წარდგენილი განცხადებები, დოკუმენტაცია და სხვა ინფორმაცია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოახდინოს მათზე რეაგირება და შეიმუშაოს შესაბამისი რეკომენდაციები;
კ) გენდერული თანასწორობის საკითხების შესწავლისა და განხილვის დროს მოიწვიოს შესაბამის დარგში მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები ან/და ექსპერტები; საჭიროების შემთხვევაში, საბჭოს კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესწავლისა და სათანადო რეკომენდაციების შემუშავების მიზნით შექმნას თემატური სამუშაო ჯგუფები ექსპერტებისა და სპეციალისტების მონაწილეობით;
ლ) საბჭოს საქმიანობის მიზნებიდან გამომდინარე, საკითხის სრულყოფილად შესწავლისა და გამოკვლევის მიზნით, მოაწყოს სამუშაო შეხვედრები შესაბამის დაინტერესებულ პირებთან და უწყებებთან;
მ) ითანამშრომლოს ქალთა ჯგუფებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან;
ნ) განახორციელოს მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები.
2. საბჭო:
ა) წელიწადში ერთხელ მაინც საკრებულოს წარუდგენს ანგარიშს მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის მდგომარეობის შესახებ;
ბ) უფლებამოსილია საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე, გენდერული თანასწორობის საკითხებთან დაკავშირებით წარმოადგინოს მუნიციპალიტეტი სახელმწიფო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობებში;
3. საბჭოს ყოველწლიური ანგარიში ქვეყნდება საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით, ასევე ეგზავნება საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსა და საქართველოს მთავრობის ადამიანის უფლებათა დაცვის საკოორდინაციო უწყებათშორის საბჭოს.


მუხლი 3. საბჭოს სტრუქტურა
1. საბჭოს შემადგენლობაში თანამდებობრივად შედიან: საკრებულოს თავმჯდომარე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეები. საბჭოს შემადგენლობაში შეიძლება იყვნენ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის თანამდებობის პირები და სხვა მოსამსახურეები, ასევე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.
2. საბჭოს თავმჯდომარეა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე.
3. საბჭოზე გასატან საკითხებს ამზადებს და დღის წესრიგის პროექტს ადგენს საბჭოს მდივანი, რომელსაც საბჭოს შემადგენლობიდან ირჩევს საჭოს წევრები თავმჯდომარის წარდგინებით ხმათა უმრავლესობით.
4. საბჭოს შემადგენლობას განსაზღვრავს და ბრძანებით ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე.
5. მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოში წევრთა 40%-ზე ნაკლები არ უნდა იყოს ერთი სქესის წარმომადგენელი.


მუხლი 4. საბჭოს სხდომა
1. საბჭოს სხდომას 3 თვეში ერთხელ მაინც იწვევს საბჭოს თავმჯდომარე. საბჭოს რიგგარეშე სხდომა მოიწვევა საბჭოს თავმჯდომარის ინიციატივით ან საბჭოს წევრთა 1/3-ის მოთხოვნით.
2. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა უმრავლესობა.
3. საბჭოს სხდომის მოწვევის დროსა და სხდომის დღის წესრიგს ამტკიცებს საბჭოს თავმჯდომარე.
4. საბჭოს სხდომა ღია და საჯაროა. საბჭოს სხდომის დღის წესრიგი, სხდომის ჩატარების დრო და ადგილი უნდა გამოქვეყნდეს რეგლამენტით დადგენილი წესით, სხდომის ჩატარებამდე 7 დღით ადრე მაინც.
5. საბჭოს სხდომაზე დასწრების და მონაწილეობის უფლება აქვს მუნიციპალიტეტში მოქმედ ყველა დაინტერესებულ არასამთავრობო ორგანიზაციას. ამ მიზნით, არასამთავრობო ორგანიზაციამ სხდომის დაწყებამდე 2 დღით ადრე მაინც უნდა მიმართოს საკრებულოს თავმჯდომარეს და გამოყოს ერთი წარმომადგენელი საბჭოს სხდომაზე მონაწილეობის მისაღებად.
6. საბჭო ამზადებს წინადადებებსა და რეკომენდაციებს საკრებულოსა და საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოებისა და თანამდებობის პირებისათვის წარსადგენად და იღებს გადაწყვეტილებებს საბჭოს მუშაობის ორგანიზაციულ საკითხებზე.
7. საბჭოს სხდომაზე განსახილველ საკითხებზე წინადადებებისა და რეკომენდაციების წარდგენის უფლება აქვს სხდომაში მონაწილე ყველა პირს. ყველა წარდგენილი წინადადება და რეკომენდაცია შეიტანება საბჭოს სხდომის ოქმში. განსახილველ საკითხზე წინადადებები და რეკომენდაციები შეიძლება შეტანილი იქნეს წერილობითი ფორმით. ასეთი სახით შემოსულ წინადადებებს და რეკომენდაციებს, საბჭოს სხდომის თავმჯდომარე აცნობს სხდომის მონაწილეებს და იგი დაერთვება სხდომის ოქმს.
8. საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ საკითხებზე გადაწყვეტილება მიიღება საბჭოს სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა.
9. საბჭოს სხდომის მიმდინარეობა, განხილული საკითხები და მიღებული გადაწყვეტილებები ფორმდება სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერს სხომის თავმჯდომარე და მდივანი.
10. საბჭოს სხდომის ოქმი ქვეყნდება საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით.
11. საბჭოს სხდომის ოქმში შეტანილი წინადადებები და რეკომენდაციები ეგზავნებათ ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის ორგანოებსა და თანამდებობის პირებს, რომლებიც ვალდებულნი არიან ერთი თვის ვადაში განიხილონ მიღებული წინადადებები და რეკომენდაციები და მიღებული გადაწყვეტილების შესახებ აცნობოს საბჭოს.


მუხლი 5. საბჭოს მუშაობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა
საბჭოს მუშაობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს საკრებულოს აპარატი.




სახელი:*
E-Mail:*
კომენტარი:*
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი