დღეს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში, საზოგადოებრივ კოლეჯ „აისში“, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ინიციატივით, პროფესიული სწავლების პროგრამებში ეკონომიკის სექტორული განვითარების პრიორიტეტებისა და შრომის ბაზრის მოთხოვნის ასახვის თემაზე შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე ისაუბრეს ამ სფეროში არსებული მდგომარეობისა და გამოწვევების შესახებ, ასევე იმაზე თუ რამდენად კოორდინირებულია სახელმწიფო უწყებების საქმიანობა, ერთი მხრივ, დასაქმების და, მეორე მხრივ, პროფესიული განათლების დონის გაზრდის კუთხით. ეკონომიკის განვითარების (სექტორულიგანვითარების) პრიორიტეტებს რამდენად ეფუძნება სახელმწიფო პოლიტიკა დასაქმებისა და მეწარმეობის განვითარების სფეროში და რამდენად პასუხობს ქვეყნის შრომის ბაზრის მოთხოვნებს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა მნიშვნელოვანია, სახელმწიფო უწყებების საქმიანობა აღნიშნულ სფეროში იყოს კოორდინირებული და პასუხობდეს ქვეყნის ეკონომიკის გამოწვევებს.

„ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი გასვლითი სხდომები რეგიონებში. კაჭრეთის პროფესიული სასწავლებელი ერთ-ერთი კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს და კარგი ბაზა შეიქმნას პროფესიული განათლების მისაღებად, რომელიც მნიშვნელოვანი კომპონენტია, უმუშევრობასთან ბრძოლისა და დასაქმების მიმართულებით. მსურს, დიდი მადლობა გადავუხადო, აქ დასაქმებულ თითოეულ ადამიანს რადგან, მათ ეტაპობრივად და თანმიმდევრულად მოიყვანეს ეს ყველაფერი აქამდე და დღეს, გვაქვს შესაძლებლობა, რომ რეგიონს ჰქონდეს ასეთი არაჩვეულებრივი რესურსი, რომლითაც შეუძლია ისარგებლოს საზოგადოებამ”, - განაცხადა, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით სონღულაშვილმა.