საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო, მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის #779 ბრძანებით დადგენილი წესისა და კრიტერიუმების შესაბამისად ახორციელებს სტიქიით დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების -ეკომიგრანტების განსახლებას.
აღნიშნული ბრძანების შესაბამისად, სამინისტრო განიხილავს იმ ოჯახების განსახლების საკითხს, რომლებმაც მიმართეს სამინისტროს "საცხოვრებელი სახლის მოძიების თაობაზე" განაცხადით.
ზემოხსენებული განაცხადის შევსება, შესაძლებელი იყო მხოლოდ სამინისტროს ცენტრალურ აპარატში, ტერიტორიულ ორგანოებსა (ქუთაისი, ზუგდიდი) და აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში.
ამასთან დაკავშირებით გვინდა გაცნობოთ, რომ 2017 წელს სამინისტროსა და სსიპ "იუსტიციის სახლს" შორის გაფორმებული მემორანდუმის შესაბამისად, შესაძლებელი გახდა აღნიშნული განცხადების შევსება ქვეყნის მასშტაბით მოქმედ ნებისმიერ იუსტიციის სახლში. ამასთან ერთად, იუსტიციის სახლებში შესაძლებელი გახდა, ეკომიგრანტი მოქალაქეების მიერ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის სახელზე ნებისმიერი სახის განცხადების ჩაბარებაც.
აღნიშნული ცვლილების შესაბამისად, სახელმწიფო პროგრამა კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდა ეკომიგრანტი ოჯახებისთვის.