გურჯაანის საბიბლიოთეკო გაერთიანებამ პროექტ „მაკულატურას“ ფარგლებში ჩაბარებული წიგნებიდან მიღებული ქულებით (თანხით) 16 დასახელების მხატვრული,შემეცნებითი და დარგობრივი ლიტერატურა შეიძინა. წიგნების ნაწილი ცენტრალურ ბიბლიოთეკაში დარჩება, ნაწილი კი სოფლებში გადანაწილდება. საბიბლიოთეკო გაერთიანება წიგნად ფონდს პერიოდულად ანახლებს. წიგნების შეძენას საკუთარი ბიუჯეტიდან მიმდინარე წელსაც გეგმავს. შესაძენი ლიტერატურის ნუსხაში მკითხველთა მოთხოვნა და ინტერესი იქნება გათვალისწინებული.
 
17-18 თებერვალს გურჯაანმა თავისუფალ ჭიდაობაში ჭაბუკთა შორის საქართველოს პირველობას უმასპინძლა. შეჯიბრი 10 წონით კატეგორიაში გაიმართა და მასში 300-მდე სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა. გამარჯვებულები გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ ვანო ბერიძიშვილმა, მერის მოადგილემ ნიკოლოზ გეთიაშვილმა და კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ეკატერინე ცისკარაშვილმა დააჯილდოეს. პირველ, მე-2 და მე-3 ადგილზე გასულ სპორტსმენებს დიპლომები, მედლები და თასები გადაეცათ. ჩემპიონატი საქართველოს ჭიდაოების ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით და გურჯაანის მერიის ხელშეწყობით ჩატარდა.