ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე გურჯაანში1 ივნისს მსოფლიო ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ბავშვთა დღესთან დაკავშირებით ქალაქ გურჯაანში, „პაპას ბაღში“ სადღესასწაულო ღონისძიებები დილიდან დაიწყო. გურჯაანის თოჯინების სახელმწიფო თეატრმა პატარებისთვის სპექტაკლი , „სამი გოჭი“ წარმოადგინა, რის შემდეგაც საბავშვო ბაღის აღსაზრდელებმა თავად გადაინაცვლეს სცენაზე და კონცერტი გამართეს. სამხატვრო სკოლამ მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა და პატარებისთვის ასფალტზე ხატვა მოაწყო. გურჯაანის №1 და № 4 საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს შორის კი მხიარული სტარტების ფინალი გაიმართა.
ღონისძიებაზე მისულ ბავშვებს „ გურჯაანის ნაყინმა“ და სანაყინე „პინგომ“ საკუთარი პროდუქციით უმასპინძლა.
ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები კონცერტით დასრულდა, რომელიც სამუსიკო სკოლაში გაიმართა. ღონისძიებაზე სხვადასხვა კონკურსებში გამარჯვებული მოსწავლეებიც დაჯილდოვდნენ. გამგეობის წარმომადგენლებმა, გურჯაანის ხუთივე სამუსიკო სკოლას საჩუქრად ხმის გამახმოვანებელი აპარატურა გადასცა.