აპრილის თვიდან, ქალაქ გურჯაანში, ნარჩენების მართვის ორგანიზება გაცილებით ეფექტური გახდება. მუნიციპალიტეტის გამგეობამ შეისყიდა 110 თანამედროვე დახურული ტიპის კონტეინერი, რომელთა განთავსება ქალაქის ტერიტორიაზე საჭიროებისამებრ მოხდება. თითოეულის ტევადობა 1100 ლიტრია და მას სპეციალური მანქანა მოემსახურება, რომელიც მუნიციპალიტეტის გამგეობამ შეიძინა.
 
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში გამართულ სოფლის საერთო კრებებზე, მოსახლეობამ პრიორიტეტულად საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია და ინვენტარით აღჭურვა დაასახელა.
წელს, გურჯაანის მუნიციპალიტეტისთვის 1 099 040 ლარია გამოყოფილი. აქედან, დაახლოებით 489 300 ლარი საბავშვო ბაღების შეკეთების, საჭირო ნივთების შეძენის და ფუნქციონირებისათვის შესაფერისი პირობების შექმნისთვის დაიხარჯება.